ქალაქ თელავში ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში პირველად თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას. კახეთში, ეს პროცესი და უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე თელავის მუნიციპალიტეტს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისთვის მობილურობას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წარმატებული შენაძენი თელავის მოსახლეობისთვის,“- აცხადებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს. მშენებლობის დასრულების დროდ მიმდინარე წლის შემოდგომა განისაზღვრა.
თელავის ავტოსადგომი 40 ერთეულ ავტობუსზე იქნება გათვლილი. პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია 25- 30 ავტობუსის შემოყვანა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა. თელავის მცხოვრებლები მალე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ.
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ჯამში 35- 40 ავტობუსზე, პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება“,- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.