წარწერა “რუსთავის” განთავსება და პირველი მუსიკალურის რეაბილიტაცია აღარ მოხდება

430

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩანაცვლება მოხდა – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. 

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, 904,9 ათასი ლარით მისი შემცირება მოხდა.

რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელების ნაცვლად ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პირველი მუსიკალურის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩებზე ტროტუარები მოეწყობა და მე-12 მკრ-ის პირველი ნომერის შიდა ეზოს მოპირკეთება განხორციელდება.

საერთო ჯამში, რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში 64 მლნ 341 ათას 200 ლარით განისაზღვრა.

ცნობისათვის, რუსთავის მერიამ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად ტენდერი იანვარში გამოაცხადა. მერია კონსტრუქციის მოსაწობად 909 548 ლარის დახარჯვას გეგმავდა, რასაც მაშინ ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.