“ნაცმოძრაობამ” რუსთავში, მერიის მიერ წარწერა “რუსთავის” განთავსებისთვის, 910 000 ლარიანი ტენდერის გამოცხადება გააპროტესტა

1139

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რუსთავის თვითმმართველობის შენობაში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, „რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის“ ორმა წევრმა, ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი რუსთავის მერიის მიერ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად 909 548 ლარის დახარჯვის გეგმას აპროტესტებენ. შესაბამისი ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.

ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა თაკო მეტრეველმა ადმინისტრაციულ შენობაში, სიმბოლურად იმ კონსტრუქციის მაკეტი მიიტანა, რომლის მშენებლობაც ქალაქის შემოსასვლელში იგეგმება.

თაკო მეტრეველი პროექტის თაობაზე დეტალურ განმარტებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანისგან ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაუშვებელია მილიონი ლარის ამ მიმართულებით დახარჯვა. აქტივისტის განცხადებით, პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ, გამართავენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს და მოამზადებენ პეტიციას.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განაცხადებით, პროექტის განხორციელება სწორედ მოსახლეობასთან კოსულტაციის შედეგად გადაწყდა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული ზონა, ქვაფენილებით, მისასვლელი გზებით, მწვანე ნარგავებით. მისივე განმარტებით, მილიონი ლარი პროექტის საბოლოო ღირებულება არ არის, შესაძლოა ტენდერის შედეგად, თანხა მნიშვნელოვნად შემცირდეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ ადამიანების ქმედება არის მხოლოდ პოლიტიკური და არანაირად არ ემსახურება ქალაქის ინტერესებს.

„მათი მხრიდან მსგავსი ქმედება, არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი შეთავაზება იყო გადავსულიყავით უფრო ცივილური ურთიერთობის ფორმაზე, რაც მათ წისქვილზე წყალს არ ასხამს. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ემოციური ფონი იყოს მაღალი, იყოს სკანდალი, ეს იმ სტრატეგიიდან არის გამომდინარე, რაც მათ ლიდერს აქვს. მათ თუ თემის მიმართ აქვთ დაინტერესება, ამისთვის არსებობს საჯარო სივრცე, საკრებულოს სხდომა – სადაც კონკრეტულად ეს საკითხი იყო განხილული. როდესაც საკითხი იყო განხილვის პროცესში, სად იყო მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“, სად იყვნენ ეს ვითომ აქტივისტები და ასოციაციის წევრები?!“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.

რუსთავის მერია ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად 910 000 ლარს დახარჯავს. ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია რუსთავის შესასვლელში ბანერის ელექტროგანათება. წინადადებების მიღება 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.