უსიამოვნო სუნი, არაესთეტიკური გარემო და დაბინძურებული ზღვა ბათუმში

1345

ზღვაში ჩამდინარე გაუფილტრავი წყლები, უსიამოვნო სუნი და არაესთეტიკური გარემო – ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა რეგიონში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილია. დამსვენებელთათვის მეტად დისკომფორტულია ისე გარემო, რასაც მათ აჭარა სთავაზობს. პრობლემა დისკომფორტულია ადგილობრივებისთვისაც. გამოწვევას, სახელმწიფო ვერ პასუხობს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ბათუმშის სანაპირო ზოლში ჟილინის არხიდან ზღვაში ჩამდინარე წყალი დისკომფორტს ყველას ერთნაირად უქმნის: ტურისტებსაც და ადგილობრივებსაც. ზღვაზე გარუჯვის მოყვარულები ამბობენ, რომ ჯერ კორონავირუსის გამო ვერ ახერხებდნენ სანაპიროზე გასვლას, ახლა კი ხელს ბინძური წყალი და სუნი უშლით.

აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულებს აქაც იდენტური პრობლემა აწუხებთ. იმის გამო, რომ პლაჟზე სპეციფიკური სუნია და წყალი – დაბინძურებული, ადგილობრივებს დამსვენებლების მიღება უჭირთ.

უსიამოვნო სუნი, არაესთეტიური გარემო და დაბინძურებული ზღვა – ეს მდინარე ბარცხანას და შავი ზღვის შეერთების არეალია. მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი არხი გადის. სუნიც უფრო მძაფრია. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, ხშირ შემთხვევაში მათთვის გამაღიზიანებელ გარემოდ იქცევა ხოლმე.

პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. არჩილ გუჩმანიძე სახელმწიფოს კონტროლს უწუნებს და ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლოკალური გაწმენდითი ნაგებობების არსებობა. სპეციალისტი ჩამდინარე წყლის ხარისხის კვლევის  არარსებობაზეც საუბრობს.

„ბათუმის წყალში“  ამბობენ, რომ სანიაღვრე არხებისა და ჭების, როგორც გაწმენდით ასევე, გარეცხვით სამუშაოები ყოველღიურ რეჟიმში ხორციელდება.

ჩამდინარე და ზედაპირული წყლის ხარისხს გარემოს დაცვის სამმართველო იკვლევს. უწყებაში იციან, რომ ზღვაში შემავალი წყლის ხარისხი და მისგან წარმოქმნილი სუნი პრობლემურია, თუმცა ამის მიუხედავად, ცოტა მეტი მოთმინებისკენ მოგვიწოდებენ. ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ საკითხი სრულად მაშინ გადაიჭრება, როცა არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდება.

სინჯებს სამმართველო გარემოს დაცვის სამინისტროში გზავნის. უწყება შესაბამის ზომებს იღებს, კანონდამრღვევი ან ჯარიმდება, ან გაფრთხილება ეძლევა. იმისთვის, რომ ზღვის წყლის დაბინძურება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, წლის ბოლომდე გარემოს დაცვის სამმართველომ, როგორც აქ ამტკიცებენ, 210 ტესტი უნდა აიღოს.