აჭარის უმაღლესმა საბჭომ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭოს არჩევნების სისტემა იცვლება და მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 6-დან 3-მდე მცირდება.
ცვლილებებს, რომლის განხილვასაც ოპოზიცია არ დაესწრო, 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ცვლილებებს ხმა მისცა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ.
უმაღლესი საბჭო აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც განიხილავს, საბოლოოდ კი მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.
ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატია, აქედან 18 – პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემაში ცვლილებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს და განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია.