გიგა ბოკერია საარჩევნო კოდექსზე: რამდენიმე ძალიან კონკრეტული წინადადება გვაქვს, რომელიც შეამცირებს ზეწოლის რისკებს, დაძაბულობას და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

481

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული წინადადება შესთავაზეს, თუმცა მათი მხრიდან ამ შეთავაზებაზე სიგნალი ჯერჯერობით უარყოფითია.

როგორ ბოკერია აღნიშნავს, მათ უბნების გარშემო გარკვეულ პერიმეტრზე შეკრებები, უბნებში ტელეფონების შეტანა და სხვა რიგი პრობლემური საკითხების მარტივი გადაწყვეტა შესთავაზეს.

„ჩვენ დისკუსიაში ვმონაწილეობდით და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან გამომდინარე რამდენიმე ძალიან კონკრეტული წინადადება გვაქვს, რომელიც შეამცირებს ზეწოლის რისკებს, დაძაბულობას და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მაგალითად, უბნების გარშემო გარკვეულ პერიმეტრზე შეკრებები, სადაც გარკვეული ინციდენტები ხდება ხოლმე და ზეწოლაა ამომრჩეველზე, უნდა შეიზღუდოს. ასევე უბნებში ტელეფონების შეტანა უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან ამორჩევლებს გადაღებას აიძულებენ, ასევე შეეხება მათსა და ოპოზიციას შორის რეკლამაზე თანასწორობას. ამ საკითხების მარტივი გადაწყვეტა შევთავაზეთ. ჯერჯერობით ამ და სხვა საქმიან შეთავაზებაზე „ქართული ოცნებიდან“ სიგნალი უარყოფითია. ამიტომ, თუ გონს მოეგებიან და იმ რჩევებს გაითვალისწინებენ, რაც ჩვენ გვაქვს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. თუ არ გაითვალისწინებენ, ჩვენ მაგ სცენარისთვისაც მზად ვართ და მაშინ მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს დემოკრატიული ცვლილებები შემდგომი არჩევნებისთვის განხორციელოდება“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.