რატომ ვერ აითვისა წყალმომარაგების კომპანიამ ათეულობით მლნ ლარი – აუდიტის ანგარიში

531

სტატიის გაგრძელება

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” 2017-2018 წლებში ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ვერ აითვისა, – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა. ხოლო, აზიის განვითარების ბანკიდან სესხით დაფინანსებული პროექტების აუთვისებელ თანხაზე საურავის სახით 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაერიცხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა და  წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან, როგორც საბიუჯეტო, ასევე სესხით აღებული თანხების დაბალ ათვისებაზე მიუთითებს.

კერძოდ, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა 14 243 474 ლარი შეადგინა.

“ამასთან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477 533,244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 45% ( 217 173 863 აშშ დოლარი).

„პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით დამატებით დაერიცხება, სულ მცირე − 7,446,152 ლარი. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით დაერიცხა 2,203,543 ლარი,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

კომპანიისა და სამინისტროს აპარატის არასაკმარისმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების თავდაპირველ ვადებში დასრულება. ამასთანავე, მასშტაბური საკრედიტო რესურსების გამოყოფის პირობებში, სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების რამდენჯერმე გახანგრძლივების შედეგად, გაიზარდა საპროცენტო ხარჯები და ამ პროექტების ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დროულად ვერ მიიღო გაუმჯობესებული ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელებით მომსახურება. შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი − პროექტის ბენეფიციართა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება”, – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ამასთან უწყება წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტის ფორმირებისა და ბიზნესგეგმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

“ბიზნესგეგმის შედგენისას კომპანიაში არ ხორციელდება მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული კალკულაცია და სათანადო დოკუმენტირება. ცალკეული მუხლების არასათანადო დაგეგმვის გამო, კომპანია საანგარიშგებო წელს ცვლილებებს ხშირად ახორციელებს, რაც კომპანიის განმარტებით, გამოწვეულია პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯების სიხშირით და მათ დასაფარად საკმარისი საოპერაციო შემოსავლების არარსებობით.

ამასთანავე, კომპანიას მინისტრის ბრძანებისა და შესაბამისი დანართების გათვალისწინებით არ აქვს წარდგენილი როგორც 2013-2018 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე ბიზნესგეგმის დასამტკიცებელად გათვალისწინებული სრული ინფორმაცია”, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.