ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

619

ახალაბასთუმნის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 50-მდე ადგილობრივმა მშვიდობის ქუჩა დროებით გადაკეტა. როგორც ისინი განმარტავენ, სოფლის გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები, რომლებიც ახლომდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ქვა-ღორღის და ბეტონის გადამამუშავებელ საწარმოს ემსახურებიან. მათივე თქმით, ამის გამო გზის საფარი დაზიანებულია და დაბინძურებულია ჰაერი. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. 

“ჩვენი პროტესტის მიზანი არის ის, რომ გაკეთდეს გზა. აქ უგზოობის გამო იყრება მტვერი, დადიან დიდი მანქანები, რომლებმაც ყველაფერი გააფუჭეს. მტვერი სახლებში შემოდის და ანტისანიტარიაა, ვერ ვსუნთქავთ ნორმალურად დიდიან პატარიანად. არ გვინდა ყალბი პირობები… 4 წელია გვპირდებიან. მერიის თანამშრომლები მოდიან და მანიპულირებენ კორონავირუსით. ნუ გვპირდებიან ცრუ რაღაცეებს, თორემ ჩვენც მივმართავთ შესაბამის ღონისძიებებს. აქ არის კარიერები, ბეტონის ცეხები, ამის გამო დადიან მანქანები შეუჩერებლად”, – ამბობენ ადგილობრივები.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს.

თავის მხრივ მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.