ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა

1149

ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე მგზავრთა გადაადგილება ისევ აიკრძალა. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 22 ივნისს ცალმხირვად გახსნილი ხიდი, 24 ივნისს, როგორც დაანონსებული იყო, დღის ბოლოს ჩაიკეტა. როგორც „ლაივპრესს“ გალელმა რესპონდენტმა განუცხადა, ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი დილიდან უკვე მგზავრებს არ იღებს.

მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში რამდენიმე დღით ორჯერ გახსნა და დახურა დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ. პირველად ის 26 მაისს ცალმხივად გახსნეს და ერთ კვირაში დაკეტეს. როგორც სოხუმი აცხადებს, „საკუთარ მოქალაქეებს“ „სამშობლოში“ დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

გალელებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება. მათთვის შესაბამისი ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებს არ მიუწოდებიათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს 1 ივლისიდან მოხდება.