ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირების და წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “რებილდი” ასრულებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შპს “რებილდის” დირექტორი ვლადიმერ გაგუა აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ნინოწმინდაში სამუშაოები დაგვიანებით, 5 მაისს დაიწყეს.
“დაწყებულია შენობების მშენებლობა, კეთდება საკანალიზაციო სისტემა, გვინდა წლის ბოლომდე, ვიდრე ყინვები დაიწყება, სამუშაოები დავასრულოთ”, – ამბობს ვლადიმერ გაგუა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთებას. სამუშაოებისთვის ხელშეკრულებით 3 138 948 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:
► ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;
► ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რომელიც სამი მცირე ზომის ერთსართულიანი შენობისაგან შედგება:
– ვიზიტორთა მისაღები სივრცე – მცირე მაღაზია-კაფე, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები;
– საეკლესიო მაღაზია;
– საზოგადოებრივი საპირფარეშო.
► დარბაზული სახლის რეაბილიტაცია;
► სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება, არსებული სამეურნეო შენობის გვერდით;
► ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა;
► ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით.
► ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა.
► წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.