სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისს შემოერთებულ სოფელ წინუბანში ახალი სკვერი გაიხსნა. მშვიდობის ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
წინუბნის ახალ სკვერში 610 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვებით მოპირკეთდა, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და გარე განათების სისტემა მოეწყო.
პროექტის შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 106 744 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „არბამ“ შეასრულა.
გიორგი ტყემალაძე და კახა სამხარაძე ორხევშიც იმყოფებოდნენ, სადაც ისინი წუწუნავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ მისამართზე სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ახალი ქსელი და სანიაღვრე სისტემა. ახლა კი, 2350 კვ.მ-ზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე მოწესრიგდება ტროტუარი და ბორდიურები.