გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
ახალშენში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ჩატარდა და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცედურები. სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა. ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ. სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს ჭაში არსებული წყლის დებეტი კლებულობს, შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნება.
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.