ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, გაათავისუფლეს ა(ა)იპ “დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი თემურ ფურცელაძე, რომლის თანამშრომლებიც სამუშაო საათებში ყანაში მუშაობდნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს, რომ თანამშრომლები ერთ-ერთი პირის ყანაში მუშაობენ, ადგილზეა ა(ა)იპ-ის ბალანსზე მყოფი მაღალი განმავლობის მანქანაც.
ავალიშვილის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება და სამსახურის უფროსი თანამშრომლებს არა მარტო საკუთარ, არამედ ახლობლების ყანაში მუშაობას აიძულებს.
“პირველი შემთხვევა არაა, როცა მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს ყანაში მუშაობას აიძულებს. ემუქრება სამსახურიდან გაშვებით, ვიდეოში ჩანს, როგორ მუშაობენ სამუშაო საათებში და როგორ არიან მისული დასუფთავების ავტომობილებით. ამ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ და სამსახური რომ არ დაკარგონ მუშაობენ, ვის უხარია სხვის ყანაში მუშაობა, თუ იძულებით არ მიყავთ” , – განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვტილება მიიღო. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მერიამ დაადასტურა, რომ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ყანაში ამავე ა(ა)იპ-ის ბალანსზე არსებული მაღალი გამავლობის ავტომობილით იმყოფებოდნენ.
ა.ა.ი.პ ,,დასუფთავება კეთილმოწყობა" დირექტორმა, მძარცველმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და…
Posted by თორნიკე ავალიშვილი on ორშაბათი, 22 ივნისი, 2020
მედიასთან კომენტარში თემურ ფურცელაძე ფაქტს უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი თანამშრომლებს საღამოს 6 საათამდე თავისუფლები იყვნენ. თემურ ფურცელაძე არც სამსახურის ავტომობილების არამოზნობრივად გამოყენებას ადასტურებდა.