ყინწვისის წ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მარმარილოს იატაკს გამოცვლიან. ამის სანაცვლოდ, სამონასტრო კომპლექსში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მარმარილოს იატაკის გამოცვლაზე თანხმობა რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობმა უკვე განაცხადა. ჭაობისფერი ქვები 2019 წელს სასულიერო პირების დაკვეთით და ძეგლთა დაცვის სამინისტროთან შეუთანხმებლად 2019 წელს დააგეს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ფონდ ,,ქართუსგან” გამოიყოფა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება კომპლექსის ყველა ეკლესიას, ასევე, გარემონტდება გალავანი, მოეწყობა ავტოსადგომი, შეიცვლება იერსახე და, რაც მთავარია, მთავარი ეკლესიის იატაკი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს:
ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაციისთვის თანხას ფონდი ,,ქართუ” გაიღებს:
2020 წლის 16 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიაძემ ხელი მოაწერა ოქმს, რომლის თანახმად შპს ,,იკორთა 2007″ რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შესადგენად მიიწვიეს.
არქიტექტორებმა კვლევა რამდენიმე თვეში უნდა დაასრულონ. გეგმის მიხედვით, შემდეგი სამუშაოები ჩატარდება:
წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში: შიდა სივრცისა და ფასადების რეაბილიტაცია (გამაგრება, აღდგენა, გაწმენდა და ა.შ.) სახურავის შეცვლა; კარნიზების შეცვლა-აღდგენა; სარკმელებისა და კარებების შეცვლა; იატაკის შეცვლა; შიდა ელ. გაყვანილობის მოწყობა; – დასავლეთის მინაშენი – აღდგენა-რეაბილიტაცია, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციული გამაგრება (მოხდეს მხატვარ-რესტავრატორის ზედამხედველობით); სამხრეთ მინაშენის ჯვრული კამარის – აღდგენა – რეაბილიტაცია; ჩრდილოეთ მინაშენის – კონსერვაცია; – ჩრდილო -აღმოსავლეთის გვიანდელი მინაშენის ( სათავსო) – დაშლა (დემონტაჟი); – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სარინელის შეცვა;
ღვთისმშობლის ეკლესიაში არსებული გარშემოსავლელის გაფართოება (რეკონსტრუქცია); წმინდა გიორგის ეკლესიაში კი სახურავს შეცვლია, მოაწყობენ სარინელსა და წყალგადამყვანი არხს;
გალავანი – მოხდება მთავარი შესასვლელისა და გალავნის გადატანა (ადგილზე დაზუსტებით) და ახალი კარიბჭისა და გალავნის მოწყობა; ძველი გალავნის აღმოსავლეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
მონასტრის ეზო შემოიფარგლება მსუბუქი ღობით (ლითონის ბადე-ცხაური, დეკორატიული ხის ღობე ან სხვა მსგავსი) და კარით ( წყაროს მიმდებარედ); წყაროს დიზაინი შეიცვლება. სკვერში ახალი სკამები და ურნები დაიდგმება.