ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე სამწევრისის ციხე, რომლის გალავნის შიგნით, ტაძარია, ხოლო კოშკებში სასულიერო პირები ცხოვრობენ, საპატრიარქოს არ გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
რამდენიმე თვიანი ლოდის შემდეგ, საპატრიარქოს იურისტმა საჭირო დოკუმენტები ვერ წარადგინა. დოკუმენტებით უნდა დასაბუთებულიყო, თუ რატომ ეკუთვნის ციხე-გალავანი მართლმადიდებლურ ეკლესიას.
გადაწყვეტილებაში წერია, რომ საპატრიარქოს მიერ წარდგენილი ნახაზი ხარვეზს შეიცავს, რადგან მართლმადიდებლური ეკლესია, ტაძრის გარდა, ციხე-გალავანსაც ითხოვს.
სამწევრისის ციხე თავად ციციშვილების საგვარეულო კოშკია. ციციშვილები ძამის ხეობის მფლობელები იყვნენ და მათ საკუთრებაში რამდენიმე ციხე-კოშკები და ეკლესიები იყო.
ციციშვილების საგვარეულო ციხის კომპლექსში შედის დიდი კოშკი, დარბაზული ეკლესია, გალავანი, სამსართულიანი სასახლე და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გეგმით ციხე მოგრძო მრავალწახნაგაა. ადრე შუა საუკუნეებში აქ მდგარა კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ნაწილი, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთ-დასავლეთიდან. ყველაზე გვიანდელია XVI-XVIII სს-ის სამშენებლო ფენები. ნაგებობათა უმეტესობა მიეკუთვნება მეხუთე ფენას.