დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ არსებული ძველი საპირფარეშოსა და სადისპეჩერო შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
დიდუბის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, დემონტაჟი მოსახლეობის მოთხოვნით ხდება.
შენობები წლების განმავლობაში უფუნქციო იყო და ანტისანიტარიას ქმნიდა. დემონტაჟის შემდგომ, ტერიტორია დასუფთავდება, დეზინფექცია ჩაუტარდება და დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს განახორციელებს.
დემონტაჟის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.
„არსებულ შენობებში და მიმდებარედ, წლების განმავლობაში ანტისანიტარია იყო, ახლოს გავლა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მოსახლეობის სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო შენობების დემონტაჟი და არსებული ტერიტორია გამწვანებულიყო. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თარაშ შურღაია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსახლესა და უწყებას, რომელთა ჩართულობით აღნიშნული პრობლემა გვარდება“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.