ანა დოლიძემ დიდუბის მაჟორიტარად ნინო წილაძე წარადგინა

643

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წულაძე წარადგინა და მოსახლეობას „მდიდარი და წარმატებული დიდუბის“ ხედვა გააცნო.

“2020 წელს საარჩევნო კამპანია დიდუბიდან დავიწყეთ და წელსაც ეს უნიკალური უბანი ისევ ისეთი მოუვლელი დაგვხვდა. მუშტაიდის პარკი, რომელიც არის დიდუბის მარგალიტი, დღესაც ზუსტად ისეთივე გაპარტახებულია, როგორც შარშან. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის სასწრაფოდ აუცილებელი ცვლილებები ხელისუფლებაში. ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, როგორც ახალმა, დამოუკიდებელმა და კომპეტენტურმა პოლიტიკურმა ძალამ. ვფიქრობთ, სწორედ ამაზეა ხალხში დაკვეთა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავეცით დიდუბეში, იყოს შესრულებული სწორედ ისეთი მებრძოლი და თავდადებული ადამიანის მიერ, როგორიც არის ნინო წულაძე. ის იქნება ყველა დიდუბელის ხმა თბილისის საკრებულოში, ხმა, რომელსაც მთელი ქალაქი ძალიან კარგად გაიგებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის ნინო წულაძის თქმით, დიდუბეს ყველაზე მეტად სჭირდება განახლება და განვითარება.

“დღევანდელ დიდუბეს ყველაზე მეტად სჭირდება განახლება და განვითარება. განახლების პროცესი ზუსტად ახლადშექმნილი, სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიწყოს და ეს პარტიაა “ანა დოლიძე – ხალხისთვის”. თქვენ კარგად ხედავთ, რომ ამ უბანში ძალიან ბევრი პრობლემაა, დაწყებული მწვანე სივრცეების ნაკლებობით, გაგრძელებული ჰაერის დაბინძურებით. თქვენ კარგად იცით, რომ წერეთელი არის ყველაზე მეტად დაბინძურებული გამზირი მთელ თბილისში. ამიტომ ჩვენ, პარტიის ყველა წევრი ბოლომდე ვიბრძოლებთ დიდუბელებისთვის, მათი უფლებებისთვის, ამ უბნის განახლებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოლოთ იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რაც საზოგადოებას აწუხებს“, – აღნიშნა ნინო წულაძემ.