„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ის აპირებს 30-ვე ოლქში თავისი მაჟორიტარები წარადგინოს. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარებს. ჩვენ როგორც თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატურას, ასევე მთლიანად 30-ვეს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. ბოლო მომენტში ჩვენ შევხედავთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს კიდევ კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო). გლდანი – ნიკა მელია (ენმ). ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო). სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ). მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები). ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).