მარნეულის ორ სოფელში, წითელსოფელსა და დაშტაფაში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა

937

რამდენიმე დღეა რაც მარნეულის ორ სოფელში, წითელსოფელსა და დაშტაფაში, საზოგადიებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

წითელსოფლელი არამ აკოფიანი გვეუბნება, რომ სოფლის მოსახლეობას საჯარო ტრანსპორტის არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა.

„სოფელში ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პენსიონერი ცხოვრობს. სხვადასხვა საჭიროებებისათვის მარნეულში უწევთ ჩასვლა და ყოველთვის კილომეტრნახევრის გავლა გვიწევდა რომ მარშრუტკებამდე მივსულიყავით. ახლა თითქმის ყველას სახლთან მოვა,“ – ამბობს  არამ აკოფიანი.

წითელსოფელი-დაშტაფა-მარნეულის ხაზზე სამარშრუტო ტაქსი შპს „ექსპრეს ტურისტმა“ დანიშნა. კომპანიის დირექტორი იური სამხარაძე რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მარშუტის დანიშვნა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

„ჯერჯერობით, ექსპერიმენტს ვატარებთ, შემდგომ დავადგენთ გადაადგილების ზუსტ საათებსა და საფასურსაც. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხშირად ისარგებლებს მოსახლეობა ტრანსპორტით,“ – ამბობს იური სამხარაძე.

შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე, წითელსოფელი-დაშტაფა-მარენულის ხაზზე მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს. გადაადგილების ღირებულება ერთი ლარია.