ქუთაისის მერია: გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

459

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები ამ ქუჩაზე თებერვალში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული იყო. მაისიდან სამუშაოები განახლდა და ივლისის ბოლოს დასრულდება.

გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით კეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით.

საგზაო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ეს ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთ ულამაზეს, ისტორიულ უბანში მდებარეობს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი რეაბილიტაცია. ამიტომაც, რეაბილიტაციის პროცესში ყველა ნიუანსი იქნა გათვალისწინებული”, – აცხადებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 924999 ლარია განსაზღვრული და მას ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.