გორის სკვერებსა და გაზონებში ძველი ნიადაგი ახლით შეიცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო.
ადმინისტრაციის ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ადგილზე (გორიდან 15 კ მანძილის მოშორებით) ნიადაგის აღების ნებართვა უკვე გასცა.
მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი ტერტორიის გამოყოფის მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებაში პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეც იყო ჩართული.
ნიადაგის შეცვლა 14 სკვერში მოხდება, რომლებიც: თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ფურცელაძის, კეცხოველის, გორიჯვრის, აღმაშენებლის, მაჩაბლის, ყიფიანის, მიჩურინის, ჭავჭავაძის, გოგებაშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარეობს.
სამუშაოები სავარაუდოდ 15-31 აგვისტოს ფარგლებში ჩატარდება
გორში მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 32 სკვერი და გაზონი. საერთო ფართობით 202 782 კვ.მ. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები აღნიშნული სკვერებისა და გაზონების მოვლა – პატრონობისათვის (კერძოდ ხდება მათი დასუფთავება, დაბარვა, გათოხვნა, გაზონების გაკრეჭვა, მორწყვა ცისტერნებით ან სპეციალური ონკანებით და ა.შ.).
მერიაში აცხადებენ, რომ გორში მდებარე სკვერებისა და პარკების დიდი ნაწილი კეთილმოწყობილია და განათებულია.