ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ

687

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი ვარკეთილში ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. მათი გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ.

„ამ ეტაპზე ზარალის დაანგარიშება და იმ პირების იდენტიფიცირება ხდება, ვინც ამ ფართებით სარგებლობდნენ. პირველ რიგში, მათი საქმიანობის სფერო უნდა აღდგეს. პროცესი დაიწყება ხვალიდან და ამ ადამიანების სავაჭრო ფართებით დაკმაყოფილება მოხდება. მოვაჭრეები ასევე განთავისუფლდებიან გადასახადისგან, პირობითად წლის ბოლომდე, რაც შეამსუბუქებს იმ სიტუაცის, რაც ახლა აქ არის. სხვა შესაბამისი დახმარებები უკვე ზარალის დადასტურების შემდეგ გაეწევათ. ინდივიდუალურად იქნება განხილული ყველა მოვაჭრის საკითხი და მიდგომა იქნება ინდივიდუალური”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის(მესამე მასივი) მაჟორიტარმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.