ხუციშვილი: 2022 წელს დაგეგმილ პარამეტრებთან შედარებით, მაღალი ზრდა გვაქვს გადასახადების პრაქტიკულად ყველა სახეობაში

304

განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები მიმდინარე წელს, 2021 წელთან შედარებით, 25,7 პროცენტით გაიზრდება და 16,8 მილიარდს გადააჭარბებს, – ამის შესახებ პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2022 წელს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 4.4 პროცენტიანი დეფიციტისა, 3.2%-იანი დეფიციტი გვექნება.

„დაგეგმილთან შედარებით, გაზრდილმა საგადასახადო შემოსავლებმა საშუალება მოგვცა ერთი მხრივ, გვეპასუხა გაზრდილ საჭიროებებზე, ხოლო მეორე მხრივ, შეგვემცირებინა დეფიციტი და ვალის დონე. შედეგად, 2022 წელს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 4.4 პროცენტიანი დეფიციტისა, ჩვენ გვექნება 3.2 პროცენტიანი დეფიციტი და 2023 წელს ჩამოვცდებით 3 პროცენტიან ლიმიტს, როგორც ამას კანონი და ფისკალური სტაბილურობა მოითხოვს. რაც შეეხება ვალს, ჩვენ უკვე ჩამოვცდით პანდემიამდელ მაჩვენებელს და წლის ბოლოს, ველოდებით 39,5 პროცენტის დონეზე. პოსტპანდემიური პერიოდისთვის არსებული თავდაპირველი პროგნოზებით ასეთი აღდგენის მოლოდინი არ იყო საშუალოვადიან პერიოდშიც კი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღდგენილი ფისკალური სტაბილურობა ქმნის შესაძლებლობას, შემდგომ წლებში მთელი ძალისხმევა მიიმართოს ვალის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და პორტფელის დივერსიფიკაციაზე.