დაბა ხარაგაულში 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების – ჯაფაროულის, ბაზალეთის, ფარცხნალის, ისლარის, საღანძილის, ზარანის, დიდვაკის, ღარიხევის, წიფისა და სხვათა – 24 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება.
ცენტრები ფუნქციონირებენ საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულსა და საჩხერეში.
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით.