მარნეულის საკრებულოს წევრი სკვერების მოვლისთვის დამატებითი სამსახურის შექმნას ითხოვს

693

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 ივნისს, წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი რომან ტაბატაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტმა სკვერების მოვლის სერვისი შექმნას.

„სავალალო მდგომარეობაშია პარკები, ვერ ვუვლით და დაგეგმილია კიდევ მეტი პარკის გაკეთება. ის პარკები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ არის კარგი და ხალხი იქ შედის და უნდათ რომ დაისვენონ, მაგრამ ისეთი მოუვლელია დღეს ეს პარკები, რომ იქ დასვენება კი არა, ალბათ, სხვა სამუშაოებია გასაკეთებელი კიდევ,“ – განაცხადა რომან ტაბატაძემ

ტაბატაძემ სოფელ წერეთელში 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე პარკზეც ისაუბრა და თქვა, რომ ინფრასტურქტურა დაზიანებულია.

„წელიწადნახევარია უკვე რაც ყველა შევაწუხე, რომ ორი-სამი საქანელა ჩამოკიდონ. ბავშვები რომ შედიან ცოტას გაერთობიან მაინც. აქ გაკეთებულია აუზი, სადაც ვერა და ვერ მოვახერხეთ, რომ წყალი ჩავასხათ და შემდეგ გადავღვაროთ ხოლმე. ელემენტარული მიხედვა უნდა, ერთი ადამიანის დასაქმება უნდა იქ, რომ დღეში ორი სამუშაო საათი მიხედოს სკვერს. ეს სრულიად საკმარისი იქნება. თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ გაკეთებულ სკვერებს მოვუაროთ და კიდევ გეგმავთ ახალი პარკების გაკეთებას, რისთვის ვაკეთებთ არ ვიცი, უბრალოდ არ მესმის,“ – თქვა რომან ტაბატაძემ

საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ მარნეულის მერიას სკვერების მოვლის მოთხოვნით მრავალჯერ მიმართა, მაგრამ სიტუაცია კვლავ უცვლელი რჩება