ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მცხეთის მერიამ მცხეთაში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს

583

11 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მცხეთის ცენტრში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.

წიგნის ბუდეს, რომელიც სკვერში დაიდგა, ეროვნული ბიბლიოთეკა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მოამარაგებს წიგნებით. აქ განთავსებული გამოცემები ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს და პანდემიის პირობებში, როცა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წიგნის წასაკითხად მეტი დრო გამოუთავისუფლდათ, განათლებაზე იზრუნონ.

“დიდი ამბები გრძელდება. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სკვერის სამკითხველო ამჯერად მცხეთაში გახსნა”, — აცხადებს გიორგი კეკლიძე.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ საჩუქრისთვის. ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სამკითხველო შევმატეთ. წიგნის ბუდის კარი ყოველთვის ღია იქნება მსურველებისთვის. მათ შეუძლიათ წიგნები აიღონ და შემდეგ ისევ დააბრუნონ უკან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი გამოთქვამს მზაობას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პერიოდულად შეავსოს წიგნის ბუდე წიგნებით”, — განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ მაკა პეტრენკომ.