ოკუპირებულ ცხინვალში ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, სულ 72 ინფიცირებულია

539

დეფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ამჯერადაც 3 ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეა, 1 კი სატვირთოს მძღოლი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.

ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველებმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს თითქმის ყველასთვის, რუსეთის გარდა.

დეფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება მიიღოს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების შემთხვევაში პაციენტების სამართავად, არც აღჭურვილობა და არც ადამიანური რესურსი ეყოფათ. საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამედიცინო აღჭურვილობით რუსი მეცენატები ამარაგებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 843 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.