რუსთავის მერმა ერთ წელიწადში პრემია და დანამატები 10-ჯერ აიღო

1026

ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ერთი წლის განმავლობაში 59 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 4 917 ლარია. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარს შეადგენს, მან პრემიისა და დანამატის სახით 26 000 ლარი აიღო.

დავით ჯიქია ქალაქ რუსთვის მერის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. 2013 წლიდან იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მანამდე, 2011-2012 წლებში, – იმავე მერიაში ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 750 ლარია, ე.ი. წელიწადში – 33 000 ლარი. თუმცა, დავით ჯიქიას ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 59 000 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 4 917 ლარი შეადგინა.

ამრიგად, მხოლოდ ერთ წელიწადში, რუსთავის მერმა პრემიისა და დანამატის სახით მიიღო 26 000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია და დანამატები სულ ცოტა 10-ჯერ აიღო (აქედან, 9 შემთხვევაში – ხელფასის სრული ოდენობით). უნდა აღინიშნოს, რომ დავით ჯიქიას წლიური ანაზღაურება  7 630 ლარით აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელფასს, რომლის ოდენობაც 51 370 ლარია.

შედარებისთვის, სხვა თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელების თანამდებობრივი  შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსთავის მერის ანაზღაურებას. მაგალითად, თბილისის მერის დავით ნარმანიას წლიური გასამრჯელო 38 160 ლარს შეადგენს, ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვისა – 38 500 ლარს, ქუთაისის მერის შოთა მურღულიასი – 33 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ დავით ჯიქიას მამა თენგიზ ჯიქია „ქართუ ჯგუფში“ ასოციაცია ატუს და შპს „ბურჯის“ ტექნიკური დირექტორია. იგი ასევე არის შპს „მშენებელი თე ჯი“-ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი. ყველა ამ პოზიციაზე მისი ხელფასი ჯამში 137 000 ლარზე მეტია.

წყარო: რეგინფო