კახეთში „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა

1250

წინა სტატია

კახეთის რეგიონის კლინიკებში გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა, მათ მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლეს. ცენტრები თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირებდა და იქ მომატებული ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებდნენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, „ცხელების ცენტრების“ გაუქმება რეგიონში კარგი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

„ცხელების ცენტრები უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ფაქტიურად შემთხვევები აღარ გვაქვს. ამიტომ მიეცათ უფლება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა და დანარჩენი პაციენტებიცდ მიიღონ. პარალელურად ჩვეულებრივ სიცხიან პაციენტებსაც კვლავ მიიღებენ,“ – ამბობს ხიზანიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკაში გახსნა „ცხელების ცენტრები“, სადაც მხოლოდ კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომის – ცხელების მქონე პაციენტებს იღებენ.

კახეთის რეგიონში დღემდე კორონავირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, კახეთში “ცხელების კლინიკებად” ოთხი სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია:

  1. თელავი – სს “ევექსის ჰოსპიტლები”; მისამართი: თელავი, სეხნიაშვილის ქუჩა N1
  2. თელავი – შპს “თელავის რაიონული საავადმყოფო”; მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქუჩა №2;
  3. ლაგოდეხი – შპს “არქიმედეს კლინიკა”; მისამართი: ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა;
  4. საგარეჯო – შპს “ჯეო ჰოსპიტალს”; მისამართი: საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №13

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი  შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა. 

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 831 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.