ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და პროკურორებს უჩივლა

543

შპს “აკვაპარკის” საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბიზნესმენ მანანა მიქავას უფლებადამცველი, ნანა ფირცხელავა დაკითხეს. ადვოკატის თქმით, საკრებულოს სხდომის მიმიდინარეობისას, სადაც ისინი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას დაუპირისპირდნენ, მას პროკურატურის გენინსპექციიდან დაუკავშირდნენ და თბილისში დაიბარეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

იქ, როგორც ნანა ფირცხელავა ამბობს, შესულია საჩივრები მათგან როგორც ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას, ისე საკრებულოს თავმჯდომარის და პროკურორების – ილია ჯალაღანიას, თამთა გახარიას და ანა არონიას წინააღმდეგ. პროკურორების იმიტომ, რომ ადვოკატის განმარტებით, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, “სისხლის სამართლის დანაშაულებზე” საქმე მოქმედი მერის წინააღმდეგ არ აღძრულა. მეტიც, ისინი მფარველობენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნანა ფირცხელავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილ ტერიტორიაზე, დავის მიმდინარეობის პირობებში ხდებოდა ტენდერების გამოცხადება, სხვისი მიწის გასხვისების უფლება კი არავის აქვს. უფლებადამცველის მტკიცებით, სიცრუეა, თითქოს ბიზნესმენი სიტყვიერად დავობს და სინამდვილეში სამართლებრივ დავას არ აწარმოებს. მეტიც, ირწმუნება, რომ მთავარი პროკურატურის გარდა, ამ პირების წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს კიდევ სხვა ინსტანციებს. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, სახელმწიფო ინსპექციას და ანტიკორუფციულ სამსახურს.

ნანა ფირცხელავას თქმით, ის საგამოძიებო ორგანოში 4 საათ-ნახევრის განმავლობაში იკითხებოდა. მათ შორის მოსამართლეების – ლაურა მიქავას, ირაკლი აბშილავას, თამარ სვანიძის, თეიმურაზ სიხარულიძეს და ირმა პერანიძესთან დაკავშირებით. ამბობს, რომ ესენი ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც “არასათანადო მოპასუხე მხარის – მერიის სარჩელები განიხილეს კანონიერი მოსარჩელის რანგში და ხელი არ შეუშალეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს “დანაშაულებრივი ჩანაფიქრის” განხორციელებაში – ხელში ჩაეგდოთ შპს “აკვაპარკის” ქონება.

“კერძოდ, თუ ინვენტარიზაციით არ გადმოგვეცა მანანა მიქავას ტერიტორია, მოდით, შევქმნათ სასამართლოში დოკუმენტი და ამით წავართვათ უძრავი ქონება, ის კი წინააღმდეგობას ვერ გაბედავს”, – აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველი ირწმუნება, რომ გენერალურ პროკურატურაში ადგილობრივი თვითვითმმართველობის ყველა წარმომადგენელს დაკითხავენ, რომლებიც “გაყალბების” საქმეში ფიგურირებენ.

“ვინ მოგცათ უფლება, დაუსრულებელ და სასამართლოებში მიმდინარე დავის დროს სხვის უძრავ ქონებაზე ტენდერები გამოაცხადოთ? ბაღის მშენებლობაზე პროექტის ფარგლებში 1200 კვ.მ მიწის ფართი იყო გათვალისწინებული და მერი გიორგი შენგელია4000 კვ.მ მიწას, 2800-ით მეტი მიწის დარეგისტრირებას რომ გთხოვდათ, ამ გამოძალული ქონების წილში ალბათ თქვენც იყავით, თორემ რატომ გაგქონდათ 1200 კვ-ს ნაცვლად 4000კვ.მ? დანარჩენი 2800-ზე რის გაშენებას აპირებდით გეგა და თქვენ?”, – ამბობს ნანა ფირცხელავა.

მიწის ნაწილზე, რომლის მესაკუთრეობაზე მერია და ბიზნესმენი ვერ თანხმდება, საბავშვო ბაღი რომ აშენდება, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განუცხადა ჟურნალისტებს 5 ივნისს, სხდომის დასრულების შემდეგ. სწორედ ამ სხდომაზე დაუპირისპირდნენ მას მანანა მიქავა და მისი უფლებადამცველი.

მამუკა წოწერიამ მათი ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ სასამართლო დავა დასრულებულია, მიწის კანონიერი მესაკუთრე მუნიციპალიტეტია, არანაირი გამოძალვა არ მომხდარა და მუნიციპალიტეტების ინტერესების მიხედვით იმოქმედებენ ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ სასამართლო დავა გრძელდება, განმარტა – ჯერ კიდევ გასარკვევია იმ დოკუმენტების წარმომავლობა, რომლითაც ამას ამტკიცებენ.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა და ის წლებია დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა.

ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მერიის სარჩელი შპს “აკვაპარკის” წინააღმდეგ და კომპანიის წარმომადგენელ მანანა მიქავას არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. ადგილობრივი ხელისუფლება მას შეუსრულებელ ვალდებულებებს ედავებოდა.

ამ მიწის დაბრუნების მოთხოვნით ბიზნესმენმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.