ადიგენის სოფელ გომაროში ადგილობრივმა გზის გაჭრისას, გათლილი ქვებით ნაშენი ფურნე აღმოაჩინა. რაული შამათავა ამბობს, რომ ერთ სიგრძეზე სამი საცხობი ნახა, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით ექვსი მეტრით არიან დაშორებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ქვის ფურნეები სოფელ გომაროში მაისის შუა რიცხვებში ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი რამ ამ დასახლებაში პირველად მოხდა.
„ამ გზასთან ორი სახლია, ერთი ჩემი. ვიწრო გზა იყო და მანქანის მოსატრიალებელი ადგილი აღარ რჩებოდა. ამიტომ გზის გაგანიერება გვინდოდა. ტრაქტორი რომ თხრიდა, რამდენიმე გამოყვანილი ქვა ამოვარდა, ამიტომ ტრაქტორი გავაჩერეთ და ხელით გამოწმენდა დავიწყეთ. სავარაუდოდ უნდა იყოს გარედან ბუხარი და უკან საცხობი ანუ ბუხრის ცეცხლით თბებოდა ფურნე. სიგრძეზე არის სამი ფურნე, დაახლოებით 6-7 მეტრი დისტანციის დაშორებით“, – ამბობს ადგილობრივი რაულ შამანაძე.
მისივე თქმით, სოფელში არ იციან რა ისტორია შეიძლოება ჰქონდეს აქ არსებულ ფურნეებს: „სოფელ გომაროში მცხოვრებმა უხუცესებმაც თქვეს, აქ არავითარი შენობა არ გვახსოვდაო. არიან 100 წელს მიახლოებული ადამიანები“.
საცხობის აღმოჩენის შესახებ რაულ შამათავამ სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც მათთან ერთი პირი მივიდა, სავარაუდოდ, ეროვნული მუზეუმიდან: „ზუსტად საიდან იყო არ ვიცი, მგონი ეროვნული მუზეუმიდან. საცხობში კეცებიც იყო, ოღონდ დაზიანებული და გვითხრა შეინახეთ და მოვლენ და შეისწავლიანო“, – ამბობს რაულ შამანაძე.
სოფელ გომაროში აჭარიდან და იმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა მათ გადმოსახლებამდე სავარაუდოდ აქ სოფელი იყო. სწორედ ნასოფლარს უკავშირებს დასახლებაში ფურნის აღმოჩენას არქეოლოგი გიორგი ჩილინგარაშვილი: „ეს არის ეთნოგრაფიული ძეგლი, გვიანი შუასაუკუნეების. 1944 წელს [ადიგენში] ბევრი სოფელი დაიცალა და შესაძლებელია მანდაც ანალოგიური შემთხვევა იყოს“.
1595 წლის “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, სოფელ გომაროს გომაროტი ერქვა. ცხოვრობდა სამი კომლი: ქიტია მათიასძე, ხუდა გოგიჩასძე, ლაშქარა ხარებასძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი; ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. ყველა ამისათვის ისინი იხდიდნენ 7000 ახჩას ყოველწლიურად.