დმანისის 10 სოფელში ცენტრალური და შიდასაუბნო გზები ეწყობა

810

დმანისის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში – დაგარახლო, ბაზაქლო, კამიშლო, პანტიანი, ტნუსი, მაშავერა, კიზილაჯლო, კაკლიანი, ამამლო და კამიშლო – ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ეწყობა. პროექტის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაც.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, შიდასაუბრნო და სასოფლო გზები ასფალტო-ბეტონით დაიფარება.

„დმანისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები,ერთ ერთი ესეთი საჭირო მიმართულება არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სოფელ ბაზაქლოში ნახევარკილომეტრზე მეტი სოფლის შიდა გზა ასფალტირებული იქნება უახლოეს პერიოდში , პარალელურად მიდის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და სასმელი წყლის კომუნიკაციის განახლება. სოფლების დამაკავშირებელი გზები სრულიად მოწესრიგებული გვაქვს ადმინისტრაციულ ცენტრებთან და აქტიურ ფაზაში შედის შიდა გზების მოწესრიგებაც“ , – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

უგზოობის პრობლემა სოფლებს მრავალი წლის განმავლობაში აწუხდებდათ. როგორც „რეგიონულ კვირასთან“ ადგილობრივები განმარტავენ, მოასფალტებული გზა ამ სოფლებში არასდროს ყოფილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის გაკეთება სოფლისთვის და ხალხისთვის. სკოლაში ბავშვები თავისუფლად წავლენ. ასფალტიანი გზა არასდროს ყოფილა ჩვენს სოფელში, მადლობას ვუხდით რომ ესეთი კარგი გზები კეთდება“ , – ამბობს ემილ იბრაგიმოვი.

დმანისის მერის განცხადებით კი გზები ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია და მალე ყველა სოფელში ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება.

„პირველი პრიორიტეტი დმანისისთვის არის წყალი, მეორე კი – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ვინაიდან დმანისში გადაადგილება წლების განმავლობაში იყო გართულებული. ბევრ სოფელში შიდა გზა არ ყოფილა. დმანისის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა, მათ შორის, შიდასასოფლო და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, საერთო მანძილი შეადგენს 6 კილომეტრს“ , – თქვა გიორგი ტატუაშვილმა.

ცნობისთვის, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 048 818 ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.