მესტიელებს რუსეთის იმპერიის მიერ განადგურებული სოფელ ხალდეს სახელის მინიჭება ერთ-ერთი ქუჩისთვის სურთ

740

სვანეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერიის მიერ 1875-1876 განადგურებული სოფელ ხალდეს და მისი მოსახლეობის უკვდავსაყოფად მესტიის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის „თავისუფალი ხალდეს“ სახელის მინიჭებას ითხოვს. შესაბამისი პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა. მას ხელს 184 ამომრჩეველი აწერს. პეტიცია „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ წევრებმა თამარ ნაკანმა და ლალი პავლიაშვილმა წარადგინეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

„2020 წლის ივნისში 145 წელი სრულდება ხალდეს აჯანყებიდან – თავისუფლებისთვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული პატარა სოფლის – ხალდეს მკვიდრთა თავგანწირვიდან. ხალდეს აჯანყება რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია, ისტორია, წარსული კარგად ვიცოდეთ.

სამწუხაროდ, ხალდეს აჯანყების, საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის შესახებ ბევრმა არ იცის, არ იციან რომ სოფლის მოსახლეობამ (იმ პერიოდში ხალდეში 19 ოჯახი სახლობდა, ძირითადად, 4 გვარის – გასვიანების, ჯოხაძეების, ჩოფლიანებისა და ჩეგიანების წარმომადგენლები) თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლა მეფის რუსეთის რაზმების, 2000 – მდე სამხედროსა და მილიციელის წინააღმდეგ ქვემეხების ცეცხლში გახვეულმა ხალდემ 7 დღე გაძლო. სოფელი მთლიანად გადაწვეს და ააფეთქეს.

ხალდეს გმირების საპატივსაცემოდ შექმნილია შესანიშნავი საფერხულო სიმღერა – “გაულგავხე”.

დღეს როცა კვლავ რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში ვართ, რუსეთ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მათ შორის სვანეთის მეზობელი კუთხე აფხაზეთი და კოდორის ხეობა. ასეთი ისტორიების გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერ პირებს მიგვაჩნია, რომ მესტიაში , ერთ -ერთი ცენტრალური ქუჩისთვის თავისუფალი ხალდეს სახელის დარქმევა ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, სვანეთისა და სვანი ხალხის კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისა და ბავშვებში ცნობიერების გაზრდას პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას მათ შორის, გაზრდის ზემო სვანეთის, ხალდეს ტურისტულ მიმზიდველობას და ეკონომიკურად გაძლიერებას მოსახლეობას“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

მეფის რუსეთის წინააღმდეგ ხალდეს მოსახლეობა, რომელიც სულ 19 ოჯახისგან შედგებოდა, 1875-1876 წლებში აჯანყდა. სვანების თავგანწირული ბრძოლის შემდეგ იმპერიამ აჯანყება ჩაახშო. ოკუპანტებმა სოფელი თავის კოშკებიანად გაანადგურეს. ამის შემდეგ სოფელში ცხოვრება აკრძალა და დაცარიელდა. ხალდეს სახელიც გადაარქვეს მას „ახალი იფრარი“ უწოდეს. ხალდელებმა თავიანთ სოფელში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1880 წელს მიიღეს, თუმცა ის კვლავ დაიცალა. დღეს სოფელში მუდმივად არავინ ცხოვრობს და ერთი ოჯახი მხოლოდ ზაფხულობით ჩადის.