ახალციხეში N4 ბაღის დემონტაჟის და ახლის მშენებლობის მოთხოვნით TI-მ საკრებულოში პეტიცია შეიტანა

385

13 აპრილს “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ ქალაქ ახალციხეში, იაძის N12-ში მდებარე N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია შეიტანა. დოკუმენტს ხელს 360 ადგილობრივი აწერს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთში ორგანიზაციის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, საბავშვო ბაღი სავალალო მდგომარეობაშია და დემონტაჟს საჭიროებს.

„ვითხოვთ ე.წ ჯაყელების ბაღის დემონტაჟს და ამავე ადგილზე ახალი ბაღის აშენებას. ახალციხის თვითმმართველობაში კარგად იციან, რომ ეს ბაღი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ეს არის გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ბაღი, რომელსაც ათეული წლებია კაპიტალური რემონტი არ ჩატარება.  გარდა ამისა, ბაღის  ეზოში დგას ავარიული შენობები, რომლებსაც საყრდენი კედელი ჩამოშლილი აქვთ, ეს კი ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია“, – ამბობს თამუნა უჩიძე.

მისივე თქმით, „მეშვიდე წელია თაროზე დევს“ ახალი საბავშვო ბაღის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2016 წელს შეიძინა.

როგორც, თამუნა უჩიძემ განაცხადა 2019-2022 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტმა ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის დაახლოებით 7 მილიონი ლარი დახარჯა,  აქედან კი 3.6 მილიონ ლარზე მეტი ახალი ბაღების მშენებლობისთვის გამოიყო, თუმცა N4 ბაღისთვის, რომელიც ავარიულია, თანხა არ განუსაზღვრავთ.

„კარგად იციან,რომ ბაღი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქ არის საკმარისი ფართობი იმისთვის, რომ ახალი სტანდარტების ბაღი აშენდეს.  ეს არის 1648 კვ.მ ფართობი“,- ამბობს თამუნა.

TI-ის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის განმარტებით, პეტიციას, რომელიც 13 აპრილს ახალციხის საკრებულოში შეიტანა, ხელს 360 ადგილობრივი აწერს, მათგან 60, იმ მშობლების ხელმოწერაა, რომლებიც ავარიული ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ და უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს მოშორებით,  სხვა ბაღებში დაჰყავთ.

„60-ზე მეტი ხელმოწერა მარდის და აბის უბნების რამდენიმე ქუჩაზე მოვაგროვე. მათ დიდ ნაწილს ბავშვები დაჰყავთ სხვა ბაღებში იმიტომ, რომ ძალიან  N4 ბაღში სავალალო მდგომარეობა. თუ პეტიციას დაგვიკმაყოფილებენ და მშენებლობა დაიწყება ვითხოვთ ის ბავშვები, რომლებიც ამ ბაღში დადიან დროებით სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადაანაწილონ
, – ამბობს თამუნა.

თამუნა უჩიძე იმედოვნებს, რომ ახალციხის საკრებულო გაითვალისწინებს მოქალაქეების მოთხოვნას და გადაწყვეტილებას მათი ინტერესების შესაბამისად მიიღებს.

როგორც გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, საკრებულოში TI-ს პეტიციის შეტანის დროს ჟურნალისტები არ შეუშვეს (უფლება მხოლოდ ტელეკომპანიის ოპერატორებს მისცეს), მედიის წარმომადგენლებს არც ავარიული ბაღის შიდა ტერიტორია არ გადაგვაღებინეს.

ცნობისთვის, TI–ს პეტიცია ახალციხის საკრებულოს აპარატმა 7–10 დღის განმავლობაში უნდა შეამოწმოს და შემთხვევითობის პრინციპით დაადგინოს ხელმომწერი პირების ნამდვილობა. შემდეგ დოკუმენტს საკრებულოზე გაიტანენ, სადაც გადაწყვეტილებას დეპუტატები მიიღებენ.