„ნაცმოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვეს

367

წინა სტატია

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ფრაქციის წევრი ასმათ დიასამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომათა დარბაზში თავის ადგილი მოქალაქეს დაუთმო, თუმცა დარბაზში შესულ მოქალაქეს უმრავლესობის წევრებმა უხერხული სიტუაცია შეუქმნეს, რათა მოქალაქეს დარბაზი დაეტოვებინა. ასმათ დიასამიძის განცხადებით, ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გარე მოვაჭრეების პრობლემები გაითვალისწინოს.

„მოქალაქე დარბაზიდან ფაქტობრივად გამოაძევეს. ჩვენ ამ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად დავტოვეთ დარბაზი. იქ არ არის ჩვენი ადგილი, რადგან ამ მოქალაქეებს ვჭირდებით”,- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

მოქალაქის ნანა კინწურაშვილის თქმით, მას სხდომათა დარბაზის დატოვება არ თხოვეს, თუმცა უხერხული სიტუაცია შეუქმნეს.

“მიმითითეს ადგილი, სადაც უნდა დავმჯდარიყავი, თუმცა ვიღაც მოვიდა და მითხრა, რომ ადგილი უნდა დამეტოვებინა, იქ ისეთი საუბარი წავიდა, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მოვითხოვე განმარტება, რატომ მექცეოდნენ ასე. მითხრეს გადაჯექით სხვა სკამზე, უხერხული სიტუაცია შემიქმნეს “,- აღნიშნა ნანა კინწურაშვილმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა გრძელდება, უმრავლესობის დეპუტატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს ისმენენ.