გარემოვაჭრეებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ნივთები მიიტანეს და აქციას მართავენ

475

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარე მოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები და პროდუქცია მიიტანეს. ისინი აქცია პერფორმანს მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

“ჩვენ უმუშევარი დავრჩით, არ გვაქვს შემოსავალი. წერეთლის ქუჩაზე გარე ვაჭრობით ვართ დაკავებული და ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. პანდემიის გამო დავზარალდით და ვითხოვთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება მოგვაქციოს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურში გრძელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ, თუმცა იგი დარბაზს არ ტოვებს. მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონი რეგლამენტს არღვევს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და განმარტებას ითხოვდა. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს , დავით გაბაიძის ბრძანებით მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.