ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე – ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი ტობავარჩხილის გზის 10-კილომეტრიანი საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზის გაჭრის პროექტს „მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალი გზის მნიშვნელობასა და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრა.
ალექსანდრე მოწერელიამ ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერა და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია. სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მუხურში სასტუმროების მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმროებს კომპანია Mukhuri Resort აფინანსებს.