ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მოქალაქე მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება მოჰყვა, ნიკო ნიკოლაძის #3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
მანანა მიქავამ საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა.
როგორც მანანა მიქავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მას ხელთ აქვს ორი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულდა, და რომელიც მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
მოქალაქე მანანა მიქავას ადვოკატ ნანა ფირცხალავას ინფორმაციით, სასამართლო დავა მოცემულ საქმეზე დღესაც გრძელდება, საქმე გასაჩივრებულია და ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათ საკითხი მიწის გასხვისების, მაინც გააქვთ სხდომაზე.
ბრალდებები თავად საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ უარყო და განმარტა, რომ ბიზნესმენს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და მოუწოდა, პატივი ეცა სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ყველას შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, ვინ არის მიწის მესაკუთრე. მამუკა წოწერიას თქმით, მანანა მიქავა საკრებულოს სხვა მიწის ნაკვეთს ედავება და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით საქმე დღევანდელ სხდომაზე არც განიხილება.
ინციდენტის გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, ხოლო სხდომათა დარბაზი მანანა მიქავას დაცვის წევრებმა დაატოვებინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ სხდომა განახლდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.