რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც ჩემი ხარაგაული წერს, ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრიდან მოვიპოვეთ.
„საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის გადავადების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ხარაგაულში, სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე განვითარდა საშიში გეოლოგიური პროცესი, რომელიც დარგის ექსპერტების მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფართომასშტაბიანი დაძვრითი ტიპის გრანდიოზული მეწყერი. ამის გამო სარკინიგზო ხაზი არსებული კორიდორის მოპირდაპირე მხარეს ხიდის საშუალებით გადავა.
ცვლილება შეეხო სადგურ მოლითის ტერიტორიას, რადგან ეს შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს ატარებს.
ამიტომ კონტრაქტორს ალტერნატიული საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება დაევალა.
ახალი რკინიგზის – ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთის მშენებლობა 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. რკინიგზის მშენებლობის გამო ზვარეში მეწყერული პროცესები 2017 წლის მაისში დაიწყო.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.