ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დეფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, დაინფიცირებულები სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან, რომლებიც ე.წ. „რესპუბლიკაში“ რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდნენ.
დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში კორონავირუსის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 805 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.