ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.
“განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე, სასმელი წყლის სისტემისა და სტიქიური ნაგავსაყრელების მოწესრიგების საკითხები, ასევე, ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდისა და მიწის რეგისტრაციის შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, მოსახლეობის მხრიდან სტიქიური ნაგავსაყრელების გაუქმების მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ის სოფლები, სადაც საჭიროა ნაგვის ურნების განთავსება და მოთხოვნების ეტაპობრივი დაკმაყოფილება განხორციელდება.