ხარაგაულის თვითმმართველობამ მოსახლეობის რეალური საჭიროებები უნდა გამოიკვლიოს

647

რამდენად შეძლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში ყველა მოქალაქის საჭიროების დანახვა, – ამის შესახებ სტატიას ჩემი ხარაგაული აქვეყნებს.

სოფელ ხიდარში მცხოვრები მზექალა ხარშილაძე ზესტაფონში გინეკოლოგთან გეგმიურ კონსულტაციაზე ამ კვირაში უნდა წასულიყო. ის ფეხმძიმედაა და ექიმთან უფასო კონსულტაცია უწევდა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისამდე არ ამოქმედდება. მზექალას სოციალურად დაუცველ ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხიდრიდან ზესტაფონში ექიმთან ვიზიტისთვის ტაქსი დაიქირაოს.

მზექალას ოჯახი მთავრობისგან შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ, სადაც ის მეუღლესთან ერთად მუშაობდა, მარტის ხელფასი აპრილში ჩაურიცხა. ამიტომ ის, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრად დარჩა, ფულად კომპენსაციას ვეღარ მიიღებს.

რამდენად შეძლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში ყველა მოქალაქის საჭიროების დანახვა და რა უნდა გაუმჯობესდეს, თუ მსგავს სიტუაციაში ისევ აღმოვჩნდებით, – ამის გასარკვევად ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებს დავუკავშირდით.

საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ მერიას მოსახლოებასთან სრულყოფილი კავშირი არ ჰქონია. თორნიკე ავალიშვილი ითხოვს, რომ

ა) ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის ბიუჯეტის ნაშთიდან დამატებით გამოიყოს 113 ათასი ლარი;

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ავტომანქანის შეძენაზე უარი თქვას;

გ) ამ მიზნით ბიუჯეტში განსაზღვრული 35 ათასი ლარი სოციალური მიმართულებით მიმართოს;

დ) ავტომანქანების მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები უნდა შემცირდეს.

თორნიკე ავალიშვილმა საბიუჯეტო ცვლილების განხორციელების პროექტი საკრებულოში შეიტანა და ბიუროს სხდომის მოწვევას ითხოვს.

ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის დაფინანსების გაზრდის მომხრეა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი. ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ხარაგაულის თვითმმართველობის საქმიანობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივები უნდა გაუჩინოს.

ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ მერიასა და საკრებულოს შორის კოორდინირების პრობლემა გამოჩნდა. ამის გამო გარკვეული სოციალური ჯგუფები ყურადღების მიღმა დარჩა.

საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. მოსახლეობა გზების დაგებას, წყალმომარაგების გაუმჯობესებას ელოდება. ამ საკითხების მოსაგვარებლად თვითმმართველობას გაასმაგებული პასუხისმგებლობა მართებს.

საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძის აზრით, საბიუჯეტო თანხების რაციონალურად ხარჯვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პანდემიის პირობებში უკეთესად გამოჩნდა. ის მერიასა და საკრებულოს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მერია პიარკამპანიით არ უნდა დაკავებულიყო – მისთვის გამაღიზიანებელი იყო მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგებისას ფოტოების გადაღება და მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნება.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა და ოპერატიულად იმუშავა. რაც შეეხება ხარაგაულს, მისი შეფასებით, შეძლებისდაგვარად იმოქმედეს. არსებული ფინანსების პირობებში გაიცა კვების პროდუქტები. თუმცა, ყველა მოსახლე კმაყოფილი არ არის.

“კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაა”, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით ხარაგაულის თვითმმართველობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა; კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს ხანში ამბულატორიების ინტერნეტიზაციას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, ნანა კიკნაძე თვლის, რომ საკვები პროდუქტებით თითქმის ყველა მოწყვლად ჯგუფს დაეხმარენ. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მუხლში დაფინანსება ორჯერ გაზარდეს.

ნანა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პანდემიის დროს უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, მოსახლეობის საჭიროებების კვლევაა, რასაც თვითმმართველობა საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებს. მისი თქმით, აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს სოფლის გაძლიერებას, ვიდრე ერთჯერადი სოციალური დახმარების პაკეტის გაზრდას, თუ გვინდა რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მომავალში მოსალოდნელ კრიზისებს უფრო მომზადებული შევხვდეთ.

გამოცემის ცნობით, ერთი კვირაა, ვცდილობთ, მოვიპოვოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძისა და მერის მოადგილე თემურ ჩხეიძის კომენტარები იმის შესახებ, თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა ხარაგაულის მერია პანდემიის პირობებში, როგორ აფასებენ მერიისგან გადადგმულ ნაბიჯებს და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. მერმა და მისმა მოადგილემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.