მთავრობა 60 მლნ ევროდ მეტროს ახალ ვაგონებს შეისყიდის

691

მთავრობა მეტროს ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 60 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ბიზნეს ინტერპრესნიუსი წერს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მეტროს 192 ვაგონი აღირიცხება. ამ ვაგონებს ორი – ნაძალადევის და გლდანის მოქმედი ელექტროდეპოები ემსახურება. თუმცა, ამ ორ ელექტროდეპოში დამატებითი ახალი ვაგონების ექსპლუატაციის ადგილი პრაქტიკულად არ არის. შესაბამისად, ახალი ვაგონების შეძენის პირობებში, აუცილებელი იქნება ძველი, ამორტიზებული დეპოს აღდგენა (ახლის აშენება). ამასთან, ძველი დეპოს აღდგენასთან ერთად, საჭირო იქნება საბურთალოს ხაზთან (წერეთლის სადგურთან) დამაკავშირებელი გვირაბის აღდგენაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნაძალადევის დეპოსთან მეტროს შემადგენლობის შეუფერხებელ მიწოდებას საბურთალოს ხაზზე.

ცნობისთვის, ახალი დეპოს მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 10 მლნ ევროს, ხოლო გვირაბის აღდგენა – 5 მლნ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტისთვის, მთავრობა EBRD-სგან 15 წლის ვადით, 65 მლნ ევროს ოდენობის სესხს იღებს.