მეტროსადგურ “ავლაბრის” ზედა ვესტიბიული გარემონტდება

672

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე, გარემონტდება მეტროსადგურ “ავლაბრის” ზედა ვესტიბიული. სამუშაოები ტენდერის გარეშე შესრულდება და 4,2 მლნ ლარი დაჯდება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ტენდერის გარეშე ხელშეკრულების დადებას “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ორი მიზეზით ხსნის:

  1. შესასრულებელია სპეციფიკური სამუშაოები, სამშენებლო კომპანიები კი თავს არიდებენ ელექტრონულ ტენდერში ან კონკურსში მონაწილეობას;
  2. ახლა მიმდინარეობს ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგურის სამუშაოებისთვის შეზღუდული დროა.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტროსადგური “ავლაბარი”, მისი როგორც ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულები, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გარემონტდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მერიამ ამ სადგურის კიდევ ერთხელ განახლება გადაწყვიტა. სარემონტო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 2019 წელს შეჩერდა.

“არც დიზაინი… ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, 10-ეულობით წლები უნდა გაუძლოს და უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოები. მე ვფიქრობ, არსებული პროექტები გადასახედია”, – განაცხადა კახა კალაძემ 2019 წლის მარტში.