მეტროსადგურ გოცირიძის გახსნა, შესაძლოა, კიდევ ერთი თვით გადაიდოს

442

მეტროსადგურ გოცირიძის გახსნა, შესაძლოა, კიდევ ერთი თვით გადაიდოს. ინფორმაცია გამოცემა On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. მიზეზად დამატებითი კვლევების საჭიროებას ასახელებენ.

“დაახლოებით, ასეა ნავარაუდევი. რეაბილიტაციის მსვლელობის დროს დამატებითი კვლევები დაიგეგმა და უნდა გახსნილიყო მაისში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ კვლევების გამო, რის გამოც გახანგრძლივდა სადგურის გახსნა, შესაძლოა, ამას დასჭირდეს, დაახლოებით 1 თვე. თუმცა, ზუსტად ვადას ვერ ვაკონკრეტებთ. ეს უფრო მსვლელობის პროცესში გამოჩნდება, თუმცა,ასეა ნავარაუდევი”, — ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ცნობისთვის, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერიამ წინა წლის თებერვალში დაიწყო. რეაბილიტაციისთვის ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა. მათგან რამდენიმე არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო, ერთ შემთხვევაში კი, მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მეტროსადგურის მძიმე დაზიანებების შესახებ დასკვნა 4 წელზე მეტია არსებობს.

ექსპერტიზის დასკვნით, მეტროსადგურს არაერთი დაზიანება ჰქონდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2019 წელს აცხადებდნენ, რომ მეტროთი მგზავრობა “იმდენად უსაფრთხოა”, რომ გამაგრებით სამუშაოებს არ გეგმავდნენ.

ორი თვის წინ მერიაში ამბობდნენ, რომ მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია მაისში დასრულდებოდა. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია.