ხმალაძე: მეტროსადგურ “გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნის-ივლისის თვეში დასრულდება

723

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ცნობით, მეტროსადგურ “გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნის-ივლისის თვეში დასრულდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მათი განმარტებით, ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №169.