22 მარტიდან 18 მაისის პერიოდში, ავტობუსითა და მეტროთი უბილეთოდ მგზავრობისთვის 18 164 მოქალაქე დაჯარიმდა

381

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით პერიოდში ავტობუსითა და მეტროთი უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯამში 18 164 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

“ინტერპრესნიუსისთვოს” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათ შორის, 2022 წლის 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის შედგენილია 5367 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის 10586 ელექტრონული საჯარიმო ქვითარია შედგენილი, ხოლო მიწისქვეშა ელექტროტრანსპროტით (მეტრო) უბილეთოდ მგზავრობისთვის 2211 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

ცნობისთვის, საკრებულოს დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 22 მარტიდან უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც M2, M3 კატეგორიის ავტობუსებით, მეტროთი, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგებით“ სარგებლობენ და აგრეთვე 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ექვემდებარება ჯარიმას. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება კი 22 მარტიდან მიენიჭა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“.