ხარაგაულის მერი ერთი წელია მოადგილის „შერჩევის პროცესშია“

465

ერთი წელი შესრულდა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტის მერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უნდა დანიშნოს. გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს, რომ ვის დანიშნავს და როდის, ამის გარკვევას მერთან, ნიკო თოფურიძესთან, შეეცადნენ, თუმცა, მერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დებულებით, მერის პირველი მოადგილე ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელებას, სატენდერო კომისიასა და კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

კონტროლის ჯგუფი შესყიდვების პროცესს აკონტროლებს და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იბარებს.

მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავად ასრულებს. ხოლო კონტროლის ჯგუფის უფროსის მოვალეობას – მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი.

„რა თქმა უნდა, კადრი უნდა დაინიშნოს”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – “ალბათ, მერი შერჩევის პროცესშია. ვფიქრობ, ის თავად ითავსებს პირველი მოადგილის ფუნქციებს. საქმე თუ კეთდება, მოადგილე სულ ნუ ეყოლება მერს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით თავს ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი გამარჯობასაც არ გვეუბნება. ეგ ძალიან დახურული ზონაა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2019 წლის 8 მაისამდე არჩილ მაღრაძე იკავებდა.