ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება

479

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს ორი სოფლის – ფარცხნალისა და საქარიქედის გაზიფიცირება იგეგმება. ამ სოფლებში გაზსადენს შპს „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებს. კომპანიის წარმომადგენელ მექი დანელიას ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები საქარიქედზე მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს. 

„ფარცხნალში მასალები უკვე შეტანილია. ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც საქარიქედის გაზიფიცირებას დავასრულებთ, სამუშაოებს ფარცხნალში დავიწყებთ“, – ამბობს მექი დანელია.
შარშან ხარაგაულში შპს „ბილდინგ დეველოპერმა“ გაზსადენი კიცხსა და ლაშეში გააშენა. ამ სოფლებში ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები „სოკარ ჯორჯია გაზმა“ უნდა განახორციელოს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, თეონა რუხაძის ინფორმაციით, ლაშესა და კიცხში არსებული გაზსადენი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს, შემდეგ, „სოკარ ჯორჯია გაზს“, რის შემდეგაც სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება.

მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის, #405 განკარგულების მიხედვით, 2020-2021 წლებში ხარაგაულში მხოლოდ ფარცხნალის გაზიფიცირება იგეგმება.