ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე „მარადიული ცეცხლის“ სკვერის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება

1161

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, „მარადიული ცეცხლის“ სკვერის მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, სკვერში განლაგდება სკამები და ნაგვის ურნები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო ფეხით სავალი ნაწილი, კიბეები, ლითონის მოაჯირები და ლამპიონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ შადრევანს, ტერიტორიზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ახალი საპილოტე პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შოტლანდიის ანგუსის საბჭოს პარტნიორობით.

„აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დაბა ახალდაბაში, სადაც შენდება საჭიდაო არენა, ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე, სოფელ ტბაზე და სოფელ ციხიჯვარში კი მინი სპორტული მოედნები ეწყობა, ქალაქ ბორჯომში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის“,- განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო დარგის განვითარებას.

წყარო: ინტერპრესნიუსი